მეცნიერები ზოგჯერ ისეთ გამოგონებებს აკეთებენ, რომლებიც ადამიანის გონების ფარგლებს სცდება. სიტყვაზე, არასოდეს ვიფიქრებდით იმაზე, რომ შესაძლებელი იყო ლეიკოციტების გარდაქმნა მექანიკურ მიკრორობოტებად. ჩონამის ეროვნული უნივერსიტეტის სამხრეთ კორეელმა მკვლევარებმა კი, პროფესორ პარკ სუკ-ხოს ხელმძღვანელობით, არა მხოლოდ გააკეთეს ასეთი მიკრორობოტები, არამედ „ასწავლეს“ მათ სიმსივნესთან ბრძოლა.
კორეელების მიერ შექმნილ მიკრორობოტებს, რომელთა პირველობა და ანალოგის არარსებობა მსოფლიოში უდავოა, შეუძლიათ ეფექტურად ებრძოლონ ნებისმიერ სიმსივნურ წარმონაქმნს – სწორი ნაწლავის, კუჭის, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის და კუჭუკანა ჯირკვლის სიმსივნეების ჩათვლით.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის უჯრედისგან მიკრორობოტის შექმნის შესაძლებლობა ძალზედ ფანტასტიკურად გვეჩვენება, მისი შექმნის პროცესი სინამდვილეში საკმაოდ მარტივია. ლეიკოციტების და მაკროფაგების აგრესიული ბუნების გამოყენებით, მეცნიერებმა აიძულეს მათ „შეეჭამათ“ დიდი რაოდენობით ნანონაწილაკები, რომლებიც კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატით იყო შევსებული. ამის შედეგად ლეიკოციტები სამკურნალო პრეპარატის მიზნობრივი მიწოდების საშუალებად იქცა, რამაც მეტად გაზარდა ამ პრეპარატის ეფექტურობა. აღსანიშნავია, რომ, თუ ნანონაწილაკებში დავამატებთ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც მაგნიტზე რეაგირებენ, მაგნიტური ველის მეშვეობით შესაძლებელი ხდება მიკრორობოტების მართვა და მათთვის საჭირო მიმართულების მიცემა.
მსგავსი კვლევები ადრეც ტარდებოდა, მაგრამ აქამდე არსებულ მეთოდს ერთი ნაკლი ჰქონდა: ვერ ხერხდებოდა სამკურნალო პრეპარატის მოლეკულების შეღწევა სიმსივნის შიდა არეში, სადაც ხდება ავთვისებიანი უჯრედების მაქსიმალურად ინტენსიური დაყოფა. სწორედ ამისთვის გამოიყენება მაგნიტური ნანონაწილაკები, რომლებიც გარე მაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ მაკროფაგებსა და ლეიკოციტებს მიმართულებას აძლევენ სიმსივნის ნებისმიერ არეში.
მაშასადამე, იმუნური უჯრედების გამოყენება მიკრორობოტების სახით უზრუნველყოფს ერთდროულად, როგორც სიმსივნის წერტილოვანი ქიმიოთერაპიის, ასევე იმუნოთერაპიის ჩატარებას, რაც დღესდღეობით კიბოსთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
Facebook კომენტარები