ეს თითქოსდა დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ისტორია 1993-95 წლებში მოხდა. ერთხელ, შუაღამისას, ამერიკაში გადასახლებული რუსი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობდა და ლიმუზინის მძღოლად მუშაობდა, Garden State Highway-ზე (ატლანტიკ-სიტიში მიმავალი გზატკეცილი) მანქანით გადაადგილდებოდა. მან გზაზე გაჩერებული ლიმუზინი შეამჩნია, ზუსტად ისეთივე, როგორსაც თავად მართავდა. ლიმუზინს ბორბალი ჰქონდა დაშვებული და ჰგავდა ფეხდაჭრილ ცხენს. მძღოლს შეეძლო მშვიდად გაეგრძელებინა გზა, მით უფრო, რომ გამოძახებაზე იყო გამოსული, მაგრამ გაჭირვებაში ჩავარდნილ მოძმე პროფესიის ადამიანს გვერდი არ აუარა და დახმარების გარეშე არ დატოვა.
ფეხდაჭრილი ლიმუზინი ზუსტად ისეთივე იყო, როგორსაც ჩვენი გმირი მართავდა. მამაკაცმა მანქანა გააჩერა, რთულ სიტუაციაში აღმოჩენილ ამერიკელ მძღოლს სათადარიგო ბორბლის დაყენებაში დაეხმარა და შეამჩნია, თუ როგორ ყურადღებით უყურებდა დაზიანებული მანქანის ერთადერთი მგზავრი ამ ყველაფერს და როგორ უკვირდა სრულიად უცხო ადამიანის დაუზარებელი ქმედება.
– რატომ ეხმარები? – ჰკითხა მას მგზავრმა.
– არაფერია გასაკვირი იმაში, რომ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმარო. გზაზე ყველამ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს – ეს სავსებით ნორმალურია, – უპასუხა ჩვენი ამბის გმირმა.
მძღოლები დაემშვიდობნენ ერთმანეთს, ხელი ჩამოართვეს და თითოეული თავის გზას გაუყვა – ორივეს დავალება დროულად უნდა შეესრულებინა. მორჩა! ფარდა თითქოს დაეშვა, მაგრამ არა. ამ ისტორიას საოცარი გაგრძელება აქვს…
როგორც წესი, ყველა ლიმუზინზე უფასო რეკლამის სახით მეპატრონე ფირმის სახელწოდება ან ტელეფონის ნომერია დაწერილი. ამიტომ მგზავრს არ გასჭირვებია მძღოლის მოძებნა.
წარმოიდგინეთ რაოდენ დიდი იყო ამ ისტორიის გმირის გაოცება, როდესაც მოგვიანებით, ორი დღის შემდეგ, სამსახურიდან სახლში მისვლისას სრულიად გაოცებული, მეტყველების უნარწართმეული მეუღლე დახვდა. მას ხელში ბანკის წერილი ეჭირა, რომელშიც ბანკის თანამშრომელთა მშრალი ენით ეწერა: „თქვენი სახლის მერთგეიჯი (იპოთეკა) სრულად დაფარულია“. რა თქმა უნდა, დაიწყეს „დამნაშავის“ ძებნა… მოძებნეს კიდევაც. აღმოჩნდა, რომ ფეხდაჭრილი ლიმუზინის მგზავრი თავად დონალდ ტრამპი იყო.
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ
Facebook კომენტარები