რატომ არ შეიძლება ქმარზე ცუდად ლაპარაკი და ფიქრიც კი?

ერთხელ, ინტერნეტში შემდეგი სიტყვები წავიკითხე: „მამაკაცი ზუსტად ისეთი ხდება, როგორც მასზე მის გვერდით მყოფი ქალი ფიქრობს. გასაოცარია… ყოველთვის სწორედ ასე ხდება. და ამას ვერაფრით შეცვლით. ეს, თითქოს, რაღაც საიდუმლოა, ხომ გესმით? ქალის ძალა იმდენად ძლიერია, ის იმდენად ფაქიზად მოქმედებს, რომ ვერაფრით შეეწინააღმდეგებით. თუ ქალი თვლის, რომ შენ არარაობა ხარ, შენ აუცილებლად იქცევი არარაობად. საშინელი, დამანგრეველი ძალაა. მეორე მხრივ კი, თუ ქალი ფიქრობს: „ძალიან კარგი… მე სწორედ ასეთი კაცი მჭირდება. სწორედ ესაა ჩემი ადამიანი“, – მამაკაცი მაშინვე იცვლება და გარდაქმნას იწყებს“.
მეც დავფიქრდი. დიდხანს ვფიქრობდი, ჩემი ცხოვრების ბევრი მომენტი გავიხსენე. დღეს კი გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა ჩემი აზრები: ის ბედუკუღმართია, მისი ნდომა შეუძლებელია, ის არაფრის მაქნისია, მას არაფერი გამოუვა, მე უკეთესის ღირსი ვარ, ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მას ბევრი ნაკლი აქვს… ეს სია დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს, თუ დროულად არ შეჩერდებით. ამ სიას ჩვენ ხშირად ვუზიარებთ საკუთარ დაქალებს, დედას; ხოლო, თუ არ ვუზიარებთ, ის მუდმივად თავში გვიტრიალებს.
რატომ ვიქცევით ასე? ჩვენ გვგონია, რომ შევძლებთ გვერდში მყოფი ადამიანის არასასურველი თვისებების შეცვლას, და მაშინ ჩვენი ცხოვრებაც უცებვე შეიცვლება, და ჩვენც კეთილი, მოსიყვარულე, ალერსიანი გავხდებით. „ოღონდ, ჯერ მან შეწყვიტოს კომპიუტერული თამაშები, იმდენი ფული მოიტანოს, რამდენიც მე მჭირდება, დამპატიჟოს სადმე, მაჩუქოს რამე. შეიცვალოს!“
ჩვენ ცვლილებებს ველოდებით მამაკაცისგან მხოლოდ იმის გამო, რომ თავად ჩავრჩით ბავშვობაში და არ გვინდა საღი თვალით შევხედოთ საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას. ძალიან გულუბრყვილო ოცნებაა, იფიქრო: „მე უცებ ბედნიერი გავხდები, თუ მამაკაცი თავის ნაკლოვანებებს გამოასწორებს“.
სხვა ადამიანის უარყოფით მხარეებზე ჩაკირკიტება საშუალებას გვაძლევს გულხედაკრეფილი ვიჯდეთ და საკუთარ პრობლემებზე არ ვიფიქროთ. სხვის განკითხვაში ჩვენ საკუთარი ნაკლი გვავიწყდება. საკუთარი ნაკლის და პრობლემების დანახვა უფრო მძიმე და მტკივნეულია. თუ საკუთარ თავთან პირნათელი ვიქნებით, მათი გამოსწორებაც მოგვიწევს.
ბევრად უფრო მარტივია ქმრის ნაკლის გამოსწორება, თანაც, დამეთანხმეთ – რაოდენ ტკბილია სხვასთან ქმრის ნაკლზე წუწუნი და გარშემომყოფთა მოწონების დამსახურება. „მე კარგი ვარ, ცუდი ის არის“. ქმრის გაკიცხვით ჩვენ მასზე მაღლა ვაყენებთ საკუთარ თავს, საკუთარი თავი უკეთესი და უფრო ჭკვიანი გვგონია. არ ვიცით, სხვაგვარად როგორ მივიქციოთ ყურადღება. ამით სხვებისგან ჩვენი აღიარების მიღწევას ვცდილობთ. საკუთარი თავის მაღლა დაყენებით მოწონებას მოვიპოვებთ, საკუთარ სიამაყეს ვიკმაყოფილებთ.
ვიცით, რომ არ არის საჭირო ქმრის გაკრიტიკება და მისთვის ცუდი სიტყვების თქმა – ამის შესახებ ყველა ინტერნეტ-გვერდზე და ჟურნალში წერია. ის წავა, საყვარელს იპოვის. მაგრამ როდესაც ცუდად ვართ და გული გვიწუხს, ამ ყველაფერზე მხოლოდ ბოლოს დავფიქრდებით. ჩვენ ნეგატივის ამოფრქვევა გვინდა და ვეძებთ მას, ვისზეც შეიძლება ამ ყველაფრის გადმონთხევა.
ჩვენ ვჩივით და ვკიცხავთ საკუთარ ქმარს, რადგან გვინდა, რომ შეგვიცოდონ, მხარი დაგვიჭირონ. ჩვენ ვერ ვგრძნობთ საკუთარ თავში ზრდასრულ, ჩამოყალიბებულ ადამიანს, არ ვიცით, რას დავეყრდნოთ შინაგანად. არ ვიცით, რა ვუყოთ უძლურების გრძნობას. არ ვიცით, როგორ შევცვალოთ დამოუკიდებლად საკუთარი ცხოვრება.
ჩვენ ვეძებთ საყრდენს „სხვებში“ იმის იმედად, რომ ისინი შეცვლიან ჩვენს ცხოვრებას. ძალიან გულუბრყვილო და ბავშვური წარმოდგენაა, არა? თუ ჩვენ ვჩივით ქმრის ნაკლზე დაქალებთან და დედასთან – ესე იგი ვცდილობთ საკუთარი თავის გამოხსნას და მათი მხარდაჭერის მოპოვებას. ეს თავისებური ბავშვური თავის მოტყუებაა. როდესაც ქმარს ვეუბნებით ან მასზე ვამბობთ, რომ ის ასეთი ცუდია, ქვეცნობიერად გვინდა შური ვიძიოთ იმაზე, რომ ჩვენ მის ხელში ბედნიერები არ ვართ. შესაბამისად, შინაგანად ვბლოკავთ ქმრისთვის ენერგიის გადაცემას და მხარს არ ვუჭერთ მას.
„შენ ცუდი ხარ – ამიტომაც არაფერი გამოგივა!“ ხოლო როდესაც მას ნამდვილად არაფერი გამოსდის, ჩვენ უფრო მეტად ვბრაზდებით და გვწყინს მისი. ამასობაში ჩაკეტილ წრეში ვექცევით. საით მივყავართ ამ ყველაფერს? – როდესაც ქალი ცუდად საუბრობს ან ფიქრობს ქმარზე, ის მას პატივს არ სცემს, აზრებში შორდება, ის მას ენერგეტიკულად მხარს არ უჭერს. ქმარს კი ყველაფერი უვარდება ხელიდან, საქმეები არ გამოსდის, ფულს ვერ შოულობს, იგი ყიდულობს გამაბრუებელ სასმელებს. ჩვენ კი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ვრწმუნდებით საკუთარ სიმართლეში და იმაში, რომ ის პატივისცემის ღირსი არ არის. ისევ და ისევ ჩაკეტილ წრეში ვტრიალებთ.
მამაკაცი უძლურია რამე შეცვალოს ამ სიტუაციაში. თუ არ გაჩერდებით, ყოველთვის მოძებნით გასაკრიტიკებელ მიზეზს. ეს მანკიერი პრაქტიკაა: ცუდად ვფიქრობთ, ცუდს ვეუბნებით დაქალებს, დედას და უფრო მეტად ვარწმუნებთ საკუთარ თავს საკუთარ სიმართლეში; ამითი ვანგრევთ არა მხოლოდ ურთიერთობებს, არამედ საკუთარ თავსაც.
ეს ყველაფერი ნერვულ სისტემას ანგრევს, აუხეშებს ქალის გულს, შხამით ავსებს სულს, აბინძურებს სხეულს ნეგატიური ენერგიითა და ბოროტებით. ჩვენ ამ ყველაფერს შიგნით ვინახავთ და სხვებსაც გადავცემთ. ნეგატიური აზრები დიდი რაოდენობით ენერგიას ისრუტავს. ქალის მონაწილეობა, ქალის ენერგია, ქალის შექება მამაკაცისთვის – მისი ასრულებული სურვილებისა და მიღწევების წყაროა. როდესაც ქალი ცუდად ფიქრობს ქმარზე, მას არა აქვს შანსი მიაღწიოს წარმატებას და იყოს კარგი.
ქმრის უპატივცემლობას მაღალი ფასი აქვს – სხვებთან საკუთარი ქმრის გაკიცხვისას თქვენ უამრავ რჩევას მიიღებთ: „ის თქვენი ღირსი არ არის“, „უნდა გაშორდეთ“ და ა.შ. ასეთ დროს თქვენ საკუთარ თავს და გულს კი არა, უცხო ადამიანებს უსმენთ.
მე ერთი ახლობელი მყავდა, რომელიც დაქალთან განიხილავდა საკუთარი ქმრის ნაკლოვანებებს და საკუთარ ინტიმურ ცხოვრებას. დაქალი რჩევებს აძლევდა, რომ ჯობია საერთოდ შეწყვიტოს ქმართან ინტიმური ურთიერთობა. ხოლო რაოდენ უზომო იყო ჩემი ახლობლის გაკვირვება, როდესაც მან გაიგო, რომ მისი დაქალი და ქმარი 4 წლის განმავლობაში საყვარლები იყვნენ. გეგონათ, რომ ასეთი რამ მხოლოდ სერიალებში ხდებოდა?
თქვენ უზიარებთ გასაჭირს დაქალს იმ იმედით, რომ მხარდაჭერასა და მოწონებას მოიპოვებთ, ხოლო თქვენ მიერ დაწვრილებით მოყოლილი ამბავი მსმენელიდან მსმენელზე გადავა, ამ გზაზე ვიღაც თქვენზეც ჩაუმატებს რამდენიმე სიტყვას და ასე გაგრძელდება… შედეგად არც თქვენი სახელი დარჩება შეულახავი. აქვს აზრი ასე მოქცევას? ნუთუ თქვენ გულუბრყვილოდ მიგაჩნიათ, რომ დაქალი პირამოკერილივით ჩუმად იქნება?
როდესაც ქმარზე დედასთან საუბრობთ, თქვენ მასთან მყარ, უხილავ კავშირს ინარჩუნებთ, ბავშვად რჩებით. თქვენ ქმრის წინააღმდეგ მიდიხართ, ერთიანდებით დედასთან, ამით კი, გარკვეულწილად, ღალატობთ ქმარს. დედა ყოველთვის საკუთარ შვილს შეიბრალებს და გაკიცხავს დამნაშავეს. მაგრამ თქვენ რას მიიღებთ? იმას, რომ დედათქვენი თქვენი ქმრისადმი პატივისცემას დაკარგავს; შემდეგ კი თქვენ ხელახლა მოგიწევთ მის წინაშე ქმრის ავტორიტეტის და სტატუსის ამაღლება. იყავით პირნათელნი – თუ ის ცუდია, გაშორდით მას და იცხოვრეთ დედასთან.
როდესაც ქალი ქმარზე ცუდად საუბრობს, ის უხილავ კავშირს წყვეტს მასთან და საკუთარი, განცალკევებული ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას. ამ დროს ოჯახი არ არსებობს. ქმარიც იწყებს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას. თქვენ ამას გრძნობთ და იწყებთ თავის დაზღვევას და უკან დასახევი გზების ძებნას. შემდეგ კი უხმო შეკითხვა – რატომ არ შედგა ურთიერთობა? და რატომ ვიქეცით თანამცხოვრებად?
ქმრის დადანაშაულებით ჩვენ ქვეცნობიერად „ცუდი“ ქცევისკენ მის პროვოცირებას ვახდენთ. ჩვენ არ გვჭირდება, რომ ის შეიცვალოს. მაშინ ვინ იქნება ჩვენს თვალში დამნაშავე?
მამაკაცი გრძნობს ნებისმიერ ცუდ აზრს მასზე. მას ესმის, რომ ის თქვენთვის უკვე აღარ არის ოცნების მამაკაცი, რომ ის თქვენთვის უკვე არაფერს ნიშნავს და თქვენ ის უკვე აღარ გიყვართ. ის წვება ტახტზე და იწყებს შურისძიებას. ისევ მანკიერ წრეში ვექცევით. ტახტზე წამოწოლილი ის კიდევ უფრო მეტ ისეთ „ახალ ამბებს“ გებულობს საკუთარ თავზე, რომლებიც ვერც კი წარმოედგინა. ამით ჩვენ ვცდილობთ მისი „საგმირო“ საქმეებისკენ წაქეზებას.
როგორ მოვიქცეთ მსგავს სიტუაციაში? მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცუდად ლაპარაკი, არამედ ცუდად ფიქრიც შევწყვიტოთ. თუნდაც საკუთარ აზრებს ხმამაღლა არ ვამხელდეთ, ისინი მაინც გავლენას ახდენენ რეალობაზე, ისევე, როგორც სიტყვები. ქალის მთელი საქმიანობა მის შიგნით, მის აზრებშია, ეს არის მისი ძალა. თუნდაც შეწყვიტოთ საკუთარ ქმარზე წუწუნი, მაგრამ გააგრძელოთ მასზე, როგორც უიღბლო ადამიანზე ფიქრი, ცვლილებები არ მოხდება, ყველაფერი ძველებურად დარჩება. ამას ბევრი არ ითვალისწინებს.
მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ვეკითხებით საკუთარ თავს: უარი ვთქვათ ოცნებაზე – გვყავდეს გვერდით იდეალური პარტნიორი? ეს ოცნება ისე ღრმად არის ჩვენში გამჯდარი, რომ მასზე უარის თქმა არც თუ ისე ადვილია. რაც არ უნდა რთული და მოსაწყენი აღმოჩნდეს, წინ წასასვლელად მოგვიწევს საკუთარ თავში ჩავიხედოთ და საკუთარი თავიდან დავიწყოთ. რატომღაც ასეა მოწყობილი ცხოვრება. ძალიან დიდხანს შეიძლება არ დაიშურო ძალები სხვის შესაცვლელად და არაფერი გამოგივიდეს, მაგრამ ცოტათი რომ მოეშვათ ამ იდეას, უცებ უკეთეს გუნებაზე დადგებით, ირგვლივ რაღაც ჯადოსნური ჯოხის მოსმით სამყარო უკეთესობისკენ შეიცვლება.
იდეალის პოვნის სურვილი, ქვეცნობიერად ყოველთვის იდეალური მშობლის ყოლის სურვილიდან გამომდინარეობს. ასეთი განყენებული აზრები და სურვილები არ ითხოვს ადამიანისგან რაიმე ქმედებებს, არამედ აიძულებს მას ერთ ადგილზე დგომას და გულ-ხელდაკრეფილად ლოდინს. როგორ ფიქრობთ, როდის გამოჩნდება იდეალური მამაკაცი?
მოეშვით იმაზე ფიქრს, როგორი უნდა იყოს პარტნიორი, რა უნდა აკეთოს მან, რამდენი ფული შემოიტანოს სახლში. ეს მოლოდინი ტკივილისა და იმედგაცრუების მეტს არაფერს მოგიტანთ. როდესაც თქვენ შეწყვეტთ მამაკაცზე ცუდად ლაპარაკს, თქვენ დაემშვიდობებით იდეას მისი შეცვლის შესახებ. ესე იგი თქვენ მიიღებთ მას ისეთს, როგორიც არის. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ ცვალებადობა არ შედის მამაკაცის თვისებათა ჩამონათვალში. მამაკაცი არ არის პლასტელინი – ამ შემთხვევაში ქალი უნდა შეიცვალოს და არა მამაკაცი. ქალმა უნდა განავითაროს საკუთარ თავში ისეთი თვისებები, როგორებიცაა მოქნილობა და ლმობიერება.
ნურასოდეს გააკრიტიკებთ დაქალებთან საკუთარ ქმარს, ისინი სიტუაციას მხოლოდ თქვენი თვალით ხედავენ, მხოლოდ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. მათ არ შეუძლიათ სამართლიანი სურათის დანახვა და სწორი რჩევის მიცემა. მათი რჩევა იმთავითვე არასწორია. და რა საჭიროა რჩევა? და თუ დაქალი გაუთხოვარია? – ქვეცნობიერად იგი მიისწრაფვის იმისაკენ, რომ თქვენც თავისუფალი და მარტოხელა იყოთ.
დაიმახსოვრეთ, ქალი, რომელიც საკუთარ ქმარზე დაქალებთან საუბრობს – გულის სიღრმეში ბავშვია. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ქალური ენერგია თავისი ქმრისკენ და მასთან საუბრებისკენ მიმართოს, ის ამ ენერგიას დაქალს „ახარჯავს“.
თუ თქვენ ცუდად ფიქრობთ მამაკაცზე, ეს იმის მანიშნებელია, რომ არის თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რისი დანახვაც აღარ გსურთ. „ყველაფერი, რასაც სხვებში ვამჩნევთ, ჩვენშიც არის. რაც ჩვენშია, იმას გარეთაც ვხედავთ. ყველაფერი, რაც სხვისი შეხედვისას ჩვენს გრძნობებზე აისახება, ჩვენს ენერგიაშია. პირველი ნაბიჯი ცვლილებისაკენ საკუთარ თავში ჩახედვაა“.
დაიწყეთ საკუთარი აზრების დაკვირვება. როგორც კი ცუდად ფიქრს იწყებთ საკუთარ ქმარზე – ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ცუდად გრძნობთ თავს, თქვენ ნება მიეცით ნეგატიურ აზრებს დაეპყრო თქვენი არსება და ამიტომ ცდილობთ ქმარზე გადაიტანოთ საკუთარ უსუსურობაზე პასუხისმგებლობის გრძნობა. აღნიშნეთ თქვენთვის ეს მომენტები და ნებისყოფის მოშველიებით დაანებეთ თავი საკუთარი თავის წაქეზებას პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.
რამდენი წლის ხართ? დროა ბავშვობის ასაკიდან გამოხვიდეთ. ნუ წარმოაჩენთ თავს მსხვერპლად. ისწავლეთ პატივისცემა საკუთარი მამაკაცისადმი, ის დაიწყებს ამის „ტრანსლირებას“ გარე სამყაროში და სხვა ადამიანთა თვალშიც პატივისცემას მოიპოვებს. ისწავლეთ მისი მნიშვნელობის შეგრძნება, ეს მას საკუთარ თავში დაარწმუნებს და ძალას შეჰმატებს. ამის შემდეგ მისი წარმატების საკითხი დროის საკითხად იქცევა.
როდესაც ქალი მამაკაცის ღირსებებს ხედავს, იგი ამით მამაკაცს ძერწავს, მამაკაცს ფრთები ესხმება, მას უმართლებს, მას ყველაფერი გამოსდის. მამაკაცს არ შესწევს უნარი ბედნიერება გამოიმუშაოს, მას მხოლოდ ქალისგან შეუძლია ბედნიერების მიღება, მისი სიყვარულისგან, პატივისცემისგან, დამსახურებებისა და ღირსებების აღიარებისგან.
მოუყევით მეგობრებს! მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკონეტარეთ…
Facebook კომენტარები