არსებობს ლეგენდა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომლის თანახმადაც, თუ კიბორჩხალებს კასრში ჩავსვამთ, ყოველი მათგანი ეცდება ზემოთ ამოძრომას, მაგრამ, როგორც კი ერთი დაიწყებს ამოსვლას, დანარჩენები ებღაუჭებიან და უკან ითრევენ… ამაზე დაყრდნობით არსებობს თეორია სახელწოდებით – კიბორჩხალებიანი კასრი (Сrab bucket theory).
თუ თქვენ გადაწყვიტეთ არ ჭამოთ ექვსის შემდეგ, მაგრამ დაქალები ჩაგჩიჩინებენ: „სისულელეა, ისედაც მშვენივრად გამოიყურები. ერთხელ მოვევლინეთ ამ ქვეყანას!“ – ეს „კიბორჩხალებიანი კასრია“.
თუ თქვენ მოწევას დაანებეთ თავი, მაგრამ მწეველი მეგობრები გაცდუნებენ: „მიდი, მხოლოდ ერთხელ, მაგით არაფერი დაშავდება“ – ეს „კიბორჩხალებიანი კასრია“.
თუ ბოლო-ბოლო მოიკრიბეთ ძალა და შეუდექით რომანის წერას, თქვენ კი ყველა გეუბნებათ: „უკეთესია დაისვენო, ხვალ დაიწყე, არსად გაგექცევა“ – ესეც „კიბორჩხალებიანი კასრია“.
რომ დავფიქრდეთ, მეგობრები თუ არა, აბა ვინ უნდა ამოგვიდგეს მხარში.
რატომ იქცევიან პირიქით?
ისინი ამას არა იმიტომ აკეთებენ, რომ ცუდი სურთ თქვენთვის, ან შურთ, ან უნდათ ცხოვრება გაგიფუჭონ, არამედ სხვა რამის გამო. სანამ თქვენ მათთან ერთად მაკდონალდსში სადილობთ, ეწევით და მხოლოდ ოცნებებს მიედებით საკუთარ რომანზე, ისინი მშვიდად ინარჩუნებენ საქმის არსებულ ვითარებას და აფერხებენ ცვლილების პროცესს, თქვენ კი ფიქრობთ: მხოლოდ მე არ ვარ უნებისყოფო, ან ზარმაცი, ირგვლივ ყველა ასეთია. მაგრამ როდესაც ახლობლებიდან ვინმე გადაწყვეტს რამე ცვლილებების შემოტანას, ეს ყველაში „გულის ფანცქალს“ გამოიწვევს (გვაპატიეთ, სხვანაირად ვერც იტყვი): ადამიანები არაკომფორტულად გრძნობენ თავს თქვენი ცვლილებების გამო, იმიტომ რომ, ღმერთმა არ ქნას, თქვენ რომ რამე გამოგივიდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათაც შეეძლო გახდომა, მოწევისთვის თავის დანებება და რომანის დაწერა… უბრალოდ დაეზარათ, შეეშინდათ, სიმტკიცე აღარ ეყოთ…
აი, სწორედ მაშინ იწყებენ მეგობრები თქვენ ჩათრევას ქვემოთ, უკან, თბილ, მყუდრო მდგომარეობაში, სახელად „როგორც ყოველთვის“. ცდილობენ თქვენ დაყოლიებას, ცდუნებას, დაშინებასაც კი, რათა თქვენ ვერ შეძლოთ „კასრიდან“ ამოსვლა.
რა მოვიმოქმედოთ?
თუ ადამიანი მნიშვნელოვანია თქვენთვის, შეგიძლიათ მოუყვეთ მას კიბორჩხალებიანი კასრის შესახებ (მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ მას ეწყინება: ასეთი რამის აღიარება რთულია). თუ არც ისე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ შეწყვიტოთ მასთან ურთიერთობა, ან ეცადოთ არ წამოიწყოთ სახიფათო საუბარი. მაგრამ მთავარია არ აჰყვეთ. „კიბორჩხალები“, იგივე ახლო მეგობრები, ყველაზე სუსტ წერტილებს აწვებიან, გაცდუნებენ ყველაზე სასურველი საგნებით, მაგრამ ამასთან გამკლავება უნდა ისწავლოთ, რადგან რაც უფრო შორს გადადგამთ ნაბიჯს, მით უფრო გაძლიერდება „კიბორჩხალების“ წინააღმდეგობა.
სცადეთ საკუთარ მაგალითზე: დააკვირდით მეგობრებს, იქნებ შეამჩნიოთ „კიბორჩხალების“ მსგავსი ქცევები. არ იფიქროთ, რომ მათი ეს ქცევა გამიზნულია. ამას ისინი გაუცნობიერებლად აკეთებენ. უბრალოდ, გაფილტრეთ ყველა ეს „დაისვენე, არავინ არ მოგდევს“, „შეჭამე კიდევ ერთი ნაჭერი ტორტი ჩვენი ხათრით“ – და გააგრძელეთ თქვენი გზით სიარული. ასევე, შეძლებისდაგვარად, ეცადეთ მეგობრებსაც უბიძგოთ „კასრიდან“ გათავისუფლებისაკენ.
მოიწონეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ…
Facebook კომენტარები